среда, 10 апреля 2013 г.




   ...ერთი და იგივე...

...ერთი და იგივე დღე ზოგისთვის ცხოვრების დასაწყისია, ზოგისთვის – დასასრული, ზოგისთვის ჩამავალი მზეც ამომავალია, ზოგის გული კი ისეთი გაყინულია, რომ მცხუნვარე მზის სითბოსაც ვერ გრძნობს. ერთი და იგივე წუთი ზოგს ღიმილს, სიყვარულს და ბედნიერებას ჩუქნის, ზოგს კი სამუდამოდ უხურავს ბედნიერების კარს, ცრემლების წვიმის ნაცრისფერი ღრუბელი ფარავს იმ მზეს, სხვას იმ წუთას რომ გულს უთბობს. არავინ იცის, როგორი იქნება ხვალინდელი დღე მისთვის, რა „საჩუქარს“ უმზადებს მომავალი. დღეს ღამე ცვლის, სიხარულს – მწუხარება, ცრემლს – ღიმილი… და პირიქით. ერთი მეორის მსაზღვრელია. ამიტომ არის ერთნაირად საჭირო ორივეს არსებობა. იმედია მხოლოდ ჩვენი ერთგული მეგობარი, რომელიც სიბნელეშიც არ გვტოვებს მარტო; მეგობარი, რომელიც ჩვენთან ერთად კვდება ბოლოს. „ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა! ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულისა!“ ასეთია ჩვენი ცხოვრება. ტკივილის შემდეგ აუცილებლად მოდის შვება, ტანჯვის მერე მოულოდნელი სიხარული და – პირიქით; ეს აწონასწორებს ჩვენს ცხოვრებას. ამიტომაც ამბობენ არაბები: ”გამუდმებული მზიანი დღეები უდაბნოს ქმნიანო” და მართლაც, ადამიანები, რომელნიც მწუხარების გარეშე განვლენ წუთისოფელს, ხშირად უდაბნოს ემსგავსებიან. მუდმივი ამაღლება და დაცემა – აი ჩვენი ცხოვრების რეალური სახე. ალბათ, ამ ყველაფრის გარეშე, აზრს დაკარგავდა ჩვენი სიცოცხლე, მაშინ, ალბათ, ადამიანებიც აღარ ვიქნებოდით… სწორედ ამაშია ჩვენი ადამიანობა. ამიტომ, დღეს შენ თუ თვლი რომ ბედნიერი ხარ, დააფასე ეს, უფლის წინაშე მუხლი მოიყარე და მადლობა შესწირე ამ საჩუქრისთვის; იმიტომ რომ ზუსტად ამ დროს ვიღაც სხვაც დაჩოქილია, ოღონდ უძლურებისგან, ცხოვრების უსამართლობისგან… შენ თუ მზე გათბობს ახლა და მზის სხივებს უმზერ ღიმილიანი სახით, ესეც დააფასე, რადგან ზუსტად ამ დროს, ვიღაცის გული მზის ქვეშ სიცივისგან იყინება… და თუ შენ ხარ ერთ–ერთი ის ადამიანი, ვინც ახლა გულისტკივილს განიცდის რაღაცის გამო და დროებით სიბნელეში აღმოჩენილა, არ შეშინდე… ბნელს ყოველთვის ნათელი ცვლის. უფლის წყალობით, მალე გათენდება!
ყველას უსაზღვრო ბედნიერებას გისურვებთ!






Комментариев нет:

Отправить комментарий