სიამოვნებით დავწვებოდი შენი საწოლის ცარიელ მხარეს, ისე… უბრალოდ, თავს დაგადებდი და ვიგრძნობდი, რომ სახლში ვარ, მშობლიურ სახლში. სახლში, სადაც ყოველთვის სითბოა, სადაც ყოველთვის შუქი ანთია. სადაც ვგრძნობ, რომ ყოველთვის მელოდები, მიუხედავად იმისა, მოვალ მე თუ არა. თავს დაგადებდი და განვდევნიდი ჩემგან იმ სიუცხოვის განცდას, რომელიც სამყაროს მიმართ გამიჩინა ცხოვრებამ.
სიამოვნებით დავწვებოდი შენი საწოლის ცარიელ მხარეს, ისე… უბრალოდ, შენს სუნთქვას მოვუსმენდი. სუნთქვას, რომელიც ჩემით გაჟღენთილ ჰაერის ზღვას ტალღებად ამსხვრევდა ჩვენს სხეულებზე. მოვუსმენდი შენი გულის ცემას, თითქოს პირველად ვისმენდე და მელოდიად ვაქცევდი. სიმღერას დაგიწერდი შენი გულის რიტმით, რომელსაც, ალბათ, ვერასოდეს მივცემდი დავიწყებას.
სიამოვნებით დავწვებოდი შენი საწოლის ცარიელ მხარეს, ისე… უბრალოდ, შეგისუნთქავდი. შეგისუნთქავდი, როგორც ფუტკარი ისრუტავს ნექტარს. შეგისუნთქავდი, როგორც მზე ისრუტავს დილის ნამს. შეგისუნთქავდი, როგორც პეპელა – ყვავილების მტვერს. შეგისუნთქავდი ისე, როგორც სიბნელე ადამიანთა უამრავ საიდუმლოს და ასე, თითქოს სამუდამოდ, ჩემში დაგაგროვებდი, რათა სიკვდილამდე ჩემს სისხლთან ერთად გეჩქროლა ძარღვებში. უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მეგრძნე სადღაც შიგნით, ჩემს სხეულში.
სიამოვნებით დავწვებოდი შენი საწოლის ცარიელ მხარეს, ისე… უბრალოდ, მოგეფერებოდი. მოგეფერებოდი თითებით. შევიგრძნობდი შენი სახის თითოეულ ნაკვთს, თითოეულ შტრიხს, რათა მერე დამეხატე. დამეხატე ჩემებურად და ჩემდაუნებურად… არც მზედ დაგხატავდი, არც სისხლისფერ გულად და არც თეთრი რაშის სადავით. მე შენ დაგხატავდი გაზაფხულის ღამედ, ჩემს საყვარელ დროდ. ღამედ, როდესაც ადამიანები ნიღბებს იხსნიან. ღამედ, რომელმაც ყველა ჩვენი ფიქრი და საიდუმლო იცის. გაზაფხულის ღამედ, რომელშიც უზარმაზარი სითბო ტრიალებს, მაგრამ ყველას არ შეუძლია მისი შეგრძნება.
სიამოვნებით დავწვებოდი შენი საწოლის ცარიელ მხარეს, ისე… უბრალოდ, სისულელეებს მოგიყვებოდი. მოგიყვებოდი თუნდაც ჭორებს საკუთარ თავზე. მოგიყვებოდი, როგორ ვიყავი უშენოდ და როგორ – შენთან ცხოვრებით. იქამდე ვილაპარაკებდი, სანამ ძალა არ გამომეცლებოდა. მოგიყვებოდი, თუ როგორ არ მსურდა არასოდეს შენზე მეოცნება, რაში მჭირდებოდა?? როდესაც ასე ახლოს მყავდი. იმაზე ახლოს, ვიდრე მე ვიყავი საკუთარ თავთან. მოგიყვებოდი ყველაფერს, ოღონდ ჩემს ენაზე. მოგიყვებოდი, როგორ ავსებდი ჩემს სამყაროს ფერებით და როგორ იყავი ჩემთვის ყველა–ფერი.
სიამოვნებით დავწვებოდი შენი საწოლის ცარიელ მხარეს, ისე… უბრალოდ და მარცხენა მხარეს სამუდამოდ დაგიტოვებდი ჩემი იქ ყოფნის განცდას…
Комментариев нет:
Отправить комментарий