среда, 10 апреля 2013 г.






ჭირი ასწავლის ლოცვას, ლოცვა კი ამსუბუქებს ჭირს...

,,რა იშვიათად და გულგრილად ილოცებდნენ ადამიანები, ტანჯვა-წამება და მწუხარება რომ არ ყოფილიყო..."
სულიერი მდელო
“დავეცი ისე, წამოდგომის არ მეყო ძალა.. გზად მიმავალ მგზავრს ხელი საშველად გავუწოდე.. ვერ დამინახა და გვერდით ჩამიარა.. წვალებით ავითრიე სხეული, ვიწრო გზას გავუყევ.. ნაკვალევად გაბზარული იმედი დავტოვე.. ხიდს მივადექი, საცალფეხო იყო და ქვესკნელს ზემოთი.. თვალი დავხუჭე და შევაბიჯე.. თეთრწვერა მოხუცი შემხვდა, შემრცხვა და თვალი ავარიდე (მე ხომ არასოდეს ამინთია სანთელი მისთვის).. მან გზა მიჩვენა გზააბნეულს, მე კი ვერ დავინახე სინათლე და..გზად რწმენა დავტოვე.. მერე მათხოვარი შემხვდა, გამხმარი პური მქონდა, შემეცოდა და მას ვაჭამე, წყლის ბოლო წვეთიც მას დავალევინე, მადლობა არ მითხრა, ბოროტად ჩაიცინა.. გზა გავაგრძელე და გზად მადლი დავტოვე.. მერე სოფელი დავინახე,ზურგი მაქციეს და არ დამაპურეს, წყალი მწყუროდა და ჭა ამომიშრეს, მხრებში მოვიხარე და..გზად სიკეთე დავტოვე.. დახეთქილი ფეხისგულებიდან უდაბნო მოვრწყე სისხლით, მეგონა წითელი იები ამოვიდოდა, ეკალ-ბარდი კი გავაღვივე, თვალი დავხუჭე და..გზად თვალის სინათლე დავტოვე.. ბოლო იმედად სიკეთის მარცვალი ჩავაგდე ხნულში, ბოროტებამ კი იბარტყა, ხელი ჩავიქნიე და..გზად სიყვარული დავტოვე.. მერე ზღვა გამოჩნდა, ზღვის პირას კლდე იყო, კლდის თავზე კიდობანი, მეგონა მივაღწევდი, ზურგზე ჯვარმოკიდებულმა ვიარე ვიწრო გზით, ვერ ვზიდე ჯვარი..”მიწა ვიყავ და მიწად ვიქეც” და ყველაფერგამშრალმა გზად ვიღაცის იმედად სიცოცხლეც დავტოვე..”
“ნელ-ნელა დავეშვი მუხლებზე. იმედის შუქმა გააპო მკერდი.. და ქრისტე აღსდგა მაშინ ჩემს გულში..”

/ნ. ლორთქიფანიძე/
"ნურაფრისა გეშინია, არასოდეს შეგეშინდეს და ნუ ინაღვლებ, ოღონდ მონანიება არ დაივიწყო და უფალი ყველაფერს მოგიტევებს. ისეთი ცოდვა არ არსებობს და ვერც იარსებებს ამ ქვეყნად, რაც ჭეშმარიტ მომნანიებელს არ მიეტევება.. და ვერც ჩაიდენს ადამიანი ისეთ დიდ ცოდვას,ღვთის უსაზღვრო სიყვარული რომ ამოწუროს. განა არსებობს ცოდვა, ღვთის სიყვარულს რომ აღემატებოდეს? მონანიება არ დაგავიწყდეს, მუდმივად მოინანიე და ილოცე, შიში კი განიგდე. გწამდეს, რომ უფალს ისე უყვარხარ, შენ რომ ვერ წამოიდგენ, სწორედ შენივე ცოდვით და შენსავე ცოდვაში უყვარხარ. ნათქვამია და ასეა – ერთ მონანულს უფრო მეტი სიხარული მოაქვს ცად, ვიდრე ათ მართალს, რომელთაც მონანიება არ სჭირდებათ. წადი და ნუ გეშინია. ადამიანები ნუ გადარდებს, წყენაზე ნუ გაბრაზდები, გარდაცვლილს გულში მიუტევე ყველაფერი, რითიც შეურაცხგყო და ჭეშმარიტად შეურიგდი.. თუ ინანიებ, გიყვარს კიდეც.. და თუ გიყვარს, მაშასადამე, უკვე ღვთისა ხარ.. სიყვარულით ყველაფერი მიეტევება, ყველა დაიხსნება.. და თუკი მე, შენნაირსავე ცოდვილს, გული შემიძარი და შეგიცოდე, მაშინ ღმერთი რაღას იზამს? სიყვარული შეუფასებელი საგანძურია, მთელ სამყაროს შეგაძენინებს, და არა მხოლოდ შენსას, სხვის ცოდვებსაც გამოისყიდი.."


/თ. დოსტოევსკი-"ძმები კარამაზოვები/

Комментариев нет:

Отправить комментарий