ქვეყანა ვისია? ყოველივე ჩემიაო – ამბობს ოქრო.
ყოველივე ჩემიაო _ იძახის ხმალი.
ყოველსფერს ვიყიდიო _ მოჰკვეხს ოქრო.
ყოველსფერს ხელში ვიგდებო _ იძახის ხმალი.
ვითამ ეგრეა? არა მგონია. ჩვენის ფიქრით,
თავმოწონებულს ოქროსა და გაზვიადებულს ხმალს,
ამ ორს პატიოსანს მეტოქეს, დაჰვიწყებიათ, რომ ქვეყანაზედ
მაგათ გარდა არის ერთI კიდევ რაღაცა, რომელსაც
თუ არა პირველი, უკანასკნელი ადგილი არ უჭირავს
ქვეყნის განაწილებაში. მართალია, ის ერთი რაღაცა
ქედმოხრილია. ჩუმი, წყნარი, უწყინარი, ტანად მრუდე,
მაგრამ გულით მართალი და პირად ბრწყინვალეა.
იგი ხმაამოუღებლივ, ხმაგაკმედილი, ფეხმძიმედ დაიარება
ქვეყანაზედ: არც ჰკვეხს, არც ბაქიაობს, არც არავის ერჩის,
არც არავის ეცილება და საქმობს თავის-თავად დინჯად,
აუშფოთებლად, სულ მუდამ და დაუძინებლივ. იმას რომ
ერთს ბეწო ხანს ჩასთვლიმოს, არც ოქროსღა ექნება რამე
სასყიდელი და არც ხმალს მოსატაცებელი. იმას რომ ერთს
ბეწო ხანს ჩასთვლიმოს-მეთქი, არ ვიცი ქვეყანას
რა დაემართებოდა, ტუნდა ოქროს მთები იდგეს და ხმლების
ტყეები. უიმისოდ ოქროს ქვეყანაზედ მოედანი არა აქვს და
არც თითონ ძალოვან ხმალს დიდი და ხანგრძლივი მანძილი.
ის ერთი რაღაც _ გუთანია. / ი ლ ი ა /
Комментариев нет:
Отправить комментарий